კარგი დღე იყო - განსაკუთრებული მადლობა კვალიფიციურ და მებრძოლ ქალებს - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დიდ და ხანგრძლივ ომში დასავლური საქართველოსთვის დღეს პარლამენტის შენობაში მორიგი, მრავალსაათიანი ბრძოლა ქართულმა დემოკრატიამ( პოლიტიკამ, მედიამ, არასამთავრობო სექტორმა...) მოიგო. გავამყაროთ ეს წარმატება. ყოველდღიური ბრძოლები - მცირე თუ მოზრდილი, სწორედ პარლამენტში, მედიაში, დასავლურ სტრუქტურებთან ურთიერთობებშია. მასშტაბური ბრძოლა - ქუჩა კი პერიოდულად უნდა შევაშველოთ კარგად მომზადებული საარტილერიო შტურმით. ბოლოს 24 თებერვალს გვქონდა ასეთი მოგება ქუჩაში.ერთიანობა მრავალფეროვნებაში, მრავალფეროვნება ერთიანობაში - ბრძოლის არსენალშიც ეს მრავალფეროვნებაა ჩვენი გზა და ამ გზაზე გვაქვს უპირატესობა.არ ჩამოვკიდოთ "საბოლოო გამარჯვების" თარიღები. არ შევქმნათ სასწრაფო გამარჯვების ყალბი ილუზიები. არ გავცვითოთ ოპოზიციური( ანუ დასავლური, ანუ ქართული) ენერგია. ბევრი წარმატებისგან, მომავალი ბრძოლებისგანაც შედგება სამომავლო გამარჯვება.მოკლედ, კარგი დღე იყო. განსაკუთრებული მადლობა დღევანდელი ( არამარტო დღევანდელის, ცხადია) წინააღმდეგობის მამოძრავებელ ძალას - კვალიფიციურ და მებრძოლ ქალებს“- წერს ბერძენიშვილი.