"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილთან კიდევ ერთ საუბარს იხსენებს, სადაც მან აფხაზეთის ნატოში გაცვლის შეთავაზებაც გააკეთა.
მისივე თქმით, ივანიშვილის სურდა, აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის ჩატარების დაპირება აფხაზებისთვის საჯაროდ გაეცა, რაც "რესპუბლიკელებმა" ასევე დაბლოკეს.
"ახლა ინგა გრიგოლიას ეთერში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ გაიხსენა, 2014 წლის მაისში რომ მითხრა ბიძინა ივანიშვილმა, თინა ხიდაშელის და ლევან ბერძენიშვილის მწვავე ანტირუსული გამოსვლების გამო პუტინს ბოდიში შევუთვალეო. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ინფორმაციამ. აქამდე რატომ არ ამბობდითო, იკითხა ინგამ.
რამდენიმე წლის წინ ემა ტუხიაშვილთან გავიხსენე ეს საუბარი პალიტრის ეთერში. კიდე რვ პირველზე. სხვა ამბებიც გამიხსენებია საჯაროდ - მაგალითად, აფხაზეთი გავცვალოთ ნატოშიო, ესეც შემოგვთავაზა ბიძინამ. არ იცვლება თქო, მკაფიოდ ვუპასუხეთ. აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმს დავპირდეთ საჯაროდ აფხაზებსო - ესეც დავუბლოკეთ რესპუბლიკელებმა. ამაზეც მილაპარაკია საჯაროდ. გასაგებია, რომ ყველა გაჟღერებული ამბავი სხვადასხვა ეთერში, სოციალურ სივრცეში თუ მიტინგზე საყოველთაო ინტერესის საგანი არ/ ვერ ხდება. მთავარი პრობლემა ის კი არაა, როდის რა გაჟღერდა და რა დოზით, არამედ ის, რომ ასეთი საფრთხეების თავიდან აცილება როდის და როგორ მოხერხდა (თუ ვერ მოხერხდა).
თავდემების და რესპების მნიშვნელოვანი წვლილია იმაში, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონიც მივიღეთ და გზა გაგვეხსნა ვიზალიბერალიზაციისკენ. 2014-ის ნოემბრიდან, ირაკლი ალასანიას პარტიის ოპოზიციაში გადასვლის მერე, ორივე პარტიის ტვირთის ზიდვა კოალიციაში დარჩენილ რესპებს მოგვიხდა. მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციაში უნდა წავსულიყავით 2014- ის ზაფხულში/ შემოდგომაზე. პარტიის გაყოფას კოალიციაში გაძლიერება ვამჯობინეთ ორივე ფრთამ - კოალიციის გაუმჯობესების მომხრეებმაც და ოპოზიციაში წასვლის მოსურნეებმაც ( სამწუხაროდ, ინტელექტუალური შეცდომა მოგვივიდა - პარტიაც გაიყო და ორივე ნაწილი ოპოზიციაში აღმოჩნდა გაცილებით დასუსტებულები).
ისიც აღსანიშნავია,რომ 2015- 2016 წლებში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის როლი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელო ნამდვილად არ იყო. ბიძინა მისი ხედვების რეალიზებას ამ მიმართულებით ვერ ახერხებდა.
ბიძინას ხელისუფლება პრობლემური იყო თავიდანვე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცუდი და საშიში გახდა მისი ერთმმართველობის დროს. 2016- 2020 წლები დასავლური სვლის შეფერხება/ შეჩერება იყო. 2020/2021 წწ- ში არჩევნების მიტაცება უკვე სახელმწიფოებრიობის კრიზისს ქმნიდა. 2022- ის 24 თებერვლიდან კი ეს ხელისუფლება დასავლური არჩევანის წართმევით რეალურად ემუქრება საქართველოს.
" მაინც წინ მივალ, მაინცა..." უკრაინის გამარჯვება და დასავლეთის მიერ რუსეთის მინგრევა ძალიან რეალური მგონია. და ამ საგარეო მხარდამჭერი ფაქტორის გამოყენებით ქართული დემოკრატიის ინსტიტუციებიც - პოლიტიკა, მედია, არასამთავრობო სექტორი და ა.შ. შეძლებს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას.ეთერში არ დავდივარ რამდენიმე თვეა და ერთხანს კვლავ ვაპირებ ჩემგან მაყურებლის დასვენებას. ბევრი მირეკავს და მწერს - ჟურნალისტებს გთხოვთ, კვლავ გაგებით მოეკიდოთ ჩემს ამ გადაწყვეტილებას. ყველაფერი იქნება უკეთ" - წერს დავით ბერძენიშვილი.