ბოლო არჩევნებში პატარ-პატარა პარტიებს ჯამურად იმაზე მეტი ხმა აქვთ აღებული, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას , - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
„ყველა არჩევნებში ოპოზიციას ჯამურად მილიონზე მეტი ხმა აქვს, მაგრამ 200 000 ხმა ან მეტი ბარიერს მიღმა რჩება. ოპოზიციაში ნელ-ნელა გამსხვილების პროცესი დაიწყო. შემოდგომისთვის დაახლოებით 15 პარტია ამბობდა, რომ ბარიერზე პრობლემა არ ჰქონდა. ახლა მხოლოდ 4-5 პარტია ამბობს ასე. თუ 4 ნომერი და 9 ნომერი ფართო პლატფორმის საფუძველი არ გახდება, თუ ჩაკეტილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებით იქნებიან დაკომპლექტებულები, მაშინ დანარჩენი პარტიები, რომლებიც როგორც ახლა, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც ოპოზიციაში იყვნენ, ერთად ეცდებიან პოლიტიკური პლატფორმის შექმნას. უნდა გადაილახოს „ყოფილი ნაცი“, „ყოფილი ანტი-ნაცი“ და თანამედროვე კრიტერიუმების შესაბამისად, პოლიტიკური ცენტრები შეიქმნას. „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალური ბაზა, რაოდენობრივად „არანაციონალური“ ოპოზიციის ბაზას ჩამორჩება. ბოლო არჩევნებში პატარ-პატარა პარტიებს ჯამურად იმაზე მეტი ხმა აქვთ აღებული, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.