თუ ხელისუფლებას შეამოწმებენ და იტყვიან - „ყველა სუფთაა, კორუფცია არ არსებობს“, მაშინ რისთვის დაბრუნდა ივანიშვილი? - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ყველაფერი, რაც საქართველოს ხელისუფლებაში ხდება, ექვემდებარება არა ფორმალურ და მოქმედ პრემიერ-მინისტრად მომუშავე ადამიანს, ან ვინმე სხვას, არამედ ექვემდებარება მათი კომპარტიის საპატიო თავმჯდომარეს. ერთადერთი და განუმეორებელი პარტია უნდა, რომ იყოს საქართველოში - წინ კომუნიზმისკენ, წინ საბჭოურობისკენ. ეს არის პოსტსაბჭოური, 90-იანი წლების ყველაზე უფრო ბნელი ვერსიების დამპირებელი, ბიძინა ივანიშვილის ხაზი. ისვრის ბადეს ბიძინა ივანიშვილი და თუ მოჰყვება ერთი-ორი ღლავი, მოჰყვება, ვისაც დააპირებს ბიძინა ივანიშვილი, ის აღმოჩნდება კორუმპირებული. თუ ისე იქნება, რომ ბადეს ისვრიან და ამდენ ადამიანს, მთელს ხელისუფლებას შეამოწმებენ, იტყვიან, რომ „ყველა სუფთაა, კორუფცია არ არსებობს“, მაშინ რისთვის დაბრუნდა ივანიშვილი? - ივანიშვილმა უნდა გაამართლოს მისი დანაპირები მესამედ მოსვლისას. ის ხომ მიდის-მოდის, მიდის-მოდის, ერთხელაც აღარ მოვა. მე ვფიქრობ, ეს მისი ბოლო მოსვლაა და წასვლა აღარ შეიცვლება კვლავ მოსვლით.
ივანიშვილმა იცის, რომ საარჩევნო წელია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ საქართველოში იქნება ბევრი ევროპა, ბევრი მონიტორინგი. ასეთ ვითარებაში მას, რა თქმა უნდა, სჭირდება ხელისუფლება, ამისთვისაა დაბრუნებული. ვიცით, რისთვის მოვიდა - მთავარი და არსებითი მოტივია, შეინარჩუნოს ხელისუფლება. ვნახოთ, როგორ გამოიყენებს მის ამ წამოწყებას“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.