კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სამსახურში დგას და ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს ძალა და მისთვის დავალების მიმცემები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ! - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ოზურგეთში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დარწმუნებული ვარ, კრიტიკული აზროვნებით გამორჩეული გურულები ამას თავადაც კარგად ხედავთ.
დამეთანხმებით, რომ მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში ცხოვრება ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას აფერხებს.
ამიტომაც, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს რადიკალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. და არათუ უნდა დასრულდეს, დღის წესრიგში უნდა დადგეს რეჟიმის გასამართლების საკითხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის, რაც მათ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს და რამაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი დაგვაკარგვინა. პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო!
სხვაგვარად შეუძლებელია! - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.