თქვენს მხარდაჭერაში დარწმუნებული, პირადად გაძლევთ პირობას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ - იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ! - ასე მიმართა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ოზურგეთში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე.
მან ისაუბრა ფსევდოლიბერალური ღირებულებებისგან მომდინარე საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ მართალია მმართველი გუნდი სიტყვის თავისუფლების გარანტია, მაგრამ, ხელისუფლება არც აგრესიული უმცირესობის ვერბალურ ძალადობას დაუშვებს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაზე.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით, „ქართულ ოცნებას“ ხელთ ჰქონდეს ყველა ბერკეტი საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების ჩამოყალიბებისათვის.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ პრობლემა, რომელიც, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სახით, უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენისა და შვილების მომავალს. საქართველოში ვერავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი დედის დედობა და ქართველი მამის მამობა. ვეღარავინ უნდა ბედავდეს ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდას, რაც დღეს უკონტროლოდ მოედინება რადიკალური ჯგუფების მიერ მართული მედიიდან. გასულმა წლებმა დაადასტურა, რომ მე და ჩემი გუნდი ვართ გარანტი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ აგრესიულმა უმცირესობამ თუნდაც ვერბალურად იძალადოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაზე.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.