მოგესალმებით საქართველოს ულამაზესი კუთხის, შიდა ქართლის შვილებს! მოხარული ვარ, რომ საქართველოს შუაგულში კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას ჩვენს ერთად დგომას, სიძლიერეს და სიმრავლეს. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალფეროვნებისა და უნიკალური კულტურის დღევანდელ დღემდე მოტანაში თითოეულ კუთხეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ქართლი კი ყოველთვის ყველა კუთხის, ამ მრავალფეროვნების შემკვრელი იყო და მუდამ მტკიცედ იდგა საქართველოს თვითმყოფადობის სადარაჯოზე. 3000-წლოვანი უფლისციხე, ყინწვისი, ატენის სიონი, წინაპრებისგან დატოვებული კიდევ უამრავი ხუროთმოძღვრების ძეგლი ყველაზე თვალსაჩინოდ შეგვახსენებს, თუ რამდენი რამ შესძინა ჩვენს ქვეყანას ამ ულამაზესმა კუთხემ. მრავალი საუკუნის მანძილზე, მუხლჩაუხრელი შრომა და ბრძოლა ქართლელი კაცის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო, რამაც მტკიცე ხასიათი ჩამოგიყალიბათ, ძნელბედობისადმი შეგუების უფლება არ მოგცათ და მომავალი თაობების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა ღირსეულად გატარებინათ.
12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას, მე დაგპირდით, რომ სახელმწიფო ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიდა და ეს დაპირება შევასრულეთ. შემოვიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რამდენჯერმე გავზარდეთ პენსია და სოციალური დახმარებები, ასი ათასობით ადამიანმა დაძლია სიღარიბე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გამყოფი ხაზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას, ხორციელდება სოციალური პროგრამები დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, მათთვის შემუშავებულია და მოქმედებს რამდენჯერმე გაზრდილი სოციალური დახმარებისა და შეღავათების პაკეტი." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.