ბალტიისპირეთის ქვეყანა დემოგრაფიული კოლაფსის ზღვარზეა. ლიეტუვას ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ტრადიციულმა ფინანსურმა წახალისებამ მოლოდინი ვერ გაამართლა და ამიტომ, აქცენტი ახალგაზრდების „ციფრული იზოლაციიდან“ გამოყვანასა და ფიზიკური სოციალიზაციის აღდგენაზე უნდა გაკეთდეს. ამისთვის მათ უჩვეულო ექსპერიმენტს მიმართეს და ღამის კლუბების რეაბილიტაცია დააანონსეს.
ლიეტუვის მონაცემთა სახელმწიფო სააგენტოს ბოლო სტატისტიკა ნამდვილად საგანგაშოა: 2,8-მილიონიან ქვეყანაში 2025 წელს მხოლოდ 17 500 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. ამ ფონზე, შობადობის კოეფიციენტი ისტორიულ მინიმუმამდე - 0,99-მდე დაეცა, რაც საჭირო მაჩვენებელზე (2,1) ორჯერ ნაკლებია.
"სახელმწიფო დისკოთეკები"- კრეატიული პასუხი კრიზისზე
ამ კატასტროფული ციფრების ფონზე, სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრომ მოულოდნელი ინიციატივა წარადგინა: ძველი ღამის კლუბებისა და დისკოთეკების აღდგენის პროგრამა. პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ პრობლემა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალურია - ახალგაზრდებს აღარ აქვთ ფიზიკური სივრცეები ურთიერთობისთვის.
„შესაძლოა, ეს ხუმრობას ჰგავდეს, თუმცა საკითხი სრულიად სერიოზულია. ეს ნაბიჯი ადასტურებს ჩვენს მზაობას, ოჯახების კეთილდღეობისთვის ყველა რესურსი გამოვიყენოთ“, - განაცხადა მინისტრმა იურატე ზეილსკინემ. მისი განმარტებით, სოციალური ქსელების ეპოქამ ახალგაზრდებს შორის პირისპირ კომუნიკაცია გააქრო, რაც ოჯახების შექმნის ტემპზე პირდაპირ აისახება.
ლიეტუვას ეს ექსპერიმენტი განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა საფრანგეთშიც. იქ, სადაც ანალოგიური დემოგრაფიული პრობლემებია, ხოლო ღამის გასართობი ინდუსტრია ბოლო წლებში ასობით დახურულ ობიექტს ითვლის, ექსპერტები „ღამის ეკონომიკის“ როლზე ალაპარაკდნენ.
ფრანგი სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ გასართობი სივრცეების გაქრობა პირდაპირ კავშირშია ახალგაზრდა თაობის ჩაკეტილობასთან. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები პროექტს სკეპტიკურად უყურებენ და მას „ზედაპირულს“ უწოდებენ, ლიეტუვას მთავრობა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო შემწეობების ზრდამ შედეგი ვერ გამოიღო. მათი თქმით, საჭიროა გარემოს შეცვლა, რათა ახალგაზრდები „სახლებიდან გამოვიდნენ“ და რეალურ სამყაროში დაბრუნდნენ. ექსპერტების პროგნოზით, თუ შობადობის ტენდენცია არ შეიცვალა, 2050 წლისთვის ლიეტუვის მოსახლეობა შესაძლოა 2 მილიონამდე შემცირდეს, რაც ქვეყნის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკული საფრთხე იქნება.









