ჩვენთან ოლიგარქიული კაპიტალიზმია, მთავრობა მსხვილ ბიზნესთანაა შეზრდილი და ისინი მართავენ, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"მარტო ხელისუფლება კი არ უნდა შეიცვალოს, პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანად უნდა შეიცვალოს. რა გვაჩვენა ნამახვანის პროტესტმა? - ამ პროტესტის ლიდერებიდან დაწყებული რიგითი ადამიანებით დამთავრებული, არ ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში. ისინი ამბობენ რომ პოლიტიკოსები არ გვინდა აქციაზე, რატომ არ არის არცერთი პოლიტიკოსი იქ? - იმიტომ, რომ გაუცხოებაა საზოგადოებასა და პოლიტიკას შორის. ვამბობთ დემოკრატიაო და რა არის დემოკრატია? მმართველობა ხალხისთვის ხო? აქედან გამომდინარე არასდროს არ ყოფილა მმართველობის შედეგი ხალხისთვის. ის იდეოლოგია, რომლითაც ქვეყანა 30 წელია იმართება, ეს უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება ადამიანებს უთხრა, რომ ბაზარი დაარეგულირებს ყველაფერს და მე პასუხისმგებლობას არაფერზე ვიღებო. ჯანდაცვის სექტორის 94% პრივატიზებულია, ასეთი რამე დედამიწის ზურგზე სხვაგან არსადაა, ყველაზე ლობერალურ ქვეყნებშიც კი. ახლა მთავრობამ "თელასის" 25% გაყიდა. ჩვენთან არის ოლიგარქიული კაპიტალიზმი. რამდენი ინიციატივა გვქონდა პარლამენტში. მთავრობა შეზრდილია მსხვილ ბიზნესთან და ისინი მართავენ", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.