ერთადერთი იარაღი, რაც გაკოტრებული ხელისუფლების არსენალში დარჩა, არის სიძულვილის ენა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას უხამსი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
„რაც საზოგადოებამ ნახა, ამას შეიძლება ერთი სიტყვა დავუპირისპიროთ, ეს არის უღირსობა. მოვისმინეთ აბსოლუტურად არაგულწრფელი ბოდიში. საბოლოო ჯამში ჩვენ თავი არ მოვიტყუოთ, ერთადერთი იარაღი, რაც გაკოტრებული ხელისუფლების არსენალში დარჩა, ეს არის სიძულვილის ენა. ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა. მანამდე იყო ღუდუშაური, რომელმაც არანაკლებ მძიმედ მოიხსენია ქალი დეპუტატები. საერთოდ არა მგონია აქ ქალს და კაცს მნიშვნელობა ჰქონდეს. მათი რეაქციიდან, აბსოლუტურად არანაირი რეაგირებიდან როგორც ჩანს, ეს არის პროცესი, რომელსაც განავითარებს წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ყურადღების ცენტრიდან არ უნდა მოვხსნათ, უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. განვიხილავდით შემთხვევას, რომ პროტესტის ნიშნად დაგვეტოვებინა კომიტეტი, მაგრამ ამით უფრო მეტ კომფორტს შევუქმნიდით ბატონ ბერაიას, ამიტომ ყოველ კომიტეტის სხდომას ჩვენ შევახსენეთ მას, რა მძიმე და შეუფერებელი რამ გააკეთა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ბექა ლილუაშვილის თქმით, ირაკლი ბერაიას საქციელი უპირობოდ დასაგმობია.
„ეს არის უპირობოდ დასაგმობი საქციელი. ჩვენ მოვისმინეთ რაღაც ბუღალტერიაში შესვლა კობახიძეების, პაპუაშვილების და სხვების მხრიდან, რომ შინაარსს ჩვენ კი ვეთანხმებით, მაგრამ ფორმები იყო ცოტა გადამეტებული. აქ არის აბსოლუტურად უპირობოდ დასაგმობი მოცემულობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იქნება მთელი წინასაარჩევნო კამპანიის თანამდევი პროცესი. ეს აჩვენებს იმას, რომ უუნაროა მმართველი ძალა, რომელსაც არგუმენტები გამოელია და გადასულია სიტყვიერ შეურაცხყოფაზე“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.