ჯერ მოვისმინეთ ხაბეიშვილის ზღაპრები, ახლა, სავარაუდოდ, „ლელოს“ წინასწარ მოგონილ ზღაპრებს ვისმენთ, ნუ ვიგონებთ იმას, რაც მოქალაქეებმა კარგად იციან. არჩევნებამდე წელიწადისა და ხუთი თვით ადრე მიზიდულობის ცენტრებზე საუბარი, ელექტორალური თვალსაზრისით, აბსოლუტურად არაადეკვატურია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას: „ამოცანა მკაფიოა, შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს. გასაღები არის ისეთ გაერთიანებაში, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“.
ბექა ლილუაშვილის თქმით, ჯერ არავინ იცის, რა და როგორ განვითარდება პოლიტიკურ ველზე.
„ხაბეიშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გუშინ მე მკაფიო პოზიცია დავაფიქსირე, მათ შორის ამ პოლიტიკურ ცენტრთან მიმართებით. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს თავისი ამოცანა, მიზანი, გარდა იმისა, რომ ხელისუფლება ჩამოაშოროს ერთპარტიულ მმართველობას. ეს არის კონკრეტული ამოცანები ელექტორალური თვალსაზრისით. ახლა ნუ შევიყვანთ მოქალაქეებს შეცდომაში, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ითანამშრომლებს, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის ერთ-ერთი მთავარი წყარო და მიზეზი. რაც შეეხება „ლელოს“, ჩვენთან არ ყოფილა არანაირი კონსულტაცია და საერთოდ მგონია, რომ მსგავსი ტიპის კონსულტაციების დაწყებისთვისაც კი ჯერ ძალიან ადრეა, არა მარტო ჩვენთან, არამედ ზოგადად. რაც შეეხება იმას, მიზიდულობის ცენტრი იქნება „ლელო“, პარტია „საქართველოსთვის“ თუ სხვა რომელიმე პარტია, დაველოდოთ და ვნახოთ, ჯერ ძალიან ადრეა. კატეგორიულად გამოვრიცხავთ ჩვენ საერთო სიების შექმნას და ასე შემდეგ, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. საერთოდ მგონია, რომ მიზიდულობის ცენტრებზე საუბარი, საბოლოო ჯამში, მივა საერთო სიის გაკეთებასთან. გამოვრიცხავთ ამ ნაწილს, მაგრამ რაც შეეხება თანამშრომლობას, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გვაქვს თანამშრომლობის პრობლემა, არც „ლელოსთან“ და არცერთ პარტიასთან“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.