„ქართული ოცნება“ მთელ ამ პროცესში თავს იკატუნებს - თავს წარმოაჩენს ხან ყრუდ, ხან ბრმად, რომ ვერ კითხულობს კარგად რას წერენ, არ ესმის, რას ეუბნებიან, ამიტომ კიდევ ერთხელ გაუმეორა საგარეო კომიტეტმა , - ასე შეაფასა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში.

„ანგარიში, რომელიც სვენ მიქსერმა მოამზადა, შემდეგ რეზოლუციის საფუძველი გახდება, რომელზედაც ევროპარლამენტი იმსჯელებს. ანგარიშში უთხრეს პირდაპირ: „თუ თქვენ არ გესმით, რა იგულისხმება ოლიგარქიულ მმართველობაში, ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, თუ თქვენ არ გესმით რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტა“ და კიდევ ერთხელ დაუმარცვლეს, რა არის ხელის შემშლელი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.