"ქართულმა ოცნებამ“ რეალურად, საზოგადოებასთან ერთად გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და კანდიდატის სტატუსი - ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რომელიც საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ რეფორმების და მიღწეული პროგრესის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, ყოველდღიური მცდელობა თითქოს ეს ყველაფერი არ არსებობს - ძალიან სასაცილოდ გამოიყურება და ამას აკეთებენ ჩვენი კოლეგები, რომელთაც სინამდვილეში, თავის დროზე დაასამარეს ყველაფერი ევროპული და დიდი ხნით დაბლოკეს საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი ის, რასაც ევროპის და დასავლეთის სახელით აკეთებდა წინა ხელისუფლება რეალურად იყო ანტიევროპული და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაბრუნდა საქართველოში ევროპული პერსპექტივა.
„ევროპა არის როდესაც ადამიანის უფლებები დაცულია. ევროპა არის როდესაც ქვეყნის ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეპყრობა უსაფრთხოების საკითხებს და იცავს მშვიდობას. ევროპა არის, როდესაც ქვეყანა ხდება პროგნოზირებადი, როდესაც ინვესტორებმა იციან იქ, სადაც დებენ ინვესტიციას და ფულს - ის ქვეყანა იქნება დაცული და ხელისუფლება მაქსიმალურს გააკეთებს, რომ მშვიდობა იყოს შენარჩუნებული. ევროპა არის საკუთრების უფლების დაცვა და არა ის, როგორც თქვენ ექცეოდით საკუთრებას. ევროპა არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნდათ მოქალაქეებს. ევროპა არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც არასოდეს თქვენი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა. ევროპა არის კანონის უზენაესობა, როდესაც ყველას, მიუხედავად თანამდებობისა, ევალება და მოეთხოვება რომ დაიცვას კანონი, დაიცვას კონსტიტუცია და მხოლოდ ამ პირობებში განახორციელოს თავისი მიზნები თუ მოქმედებები. ევროპა გახლავთ მრავალფეროვანი მედია და როგორც დღეს ვიგებთ ზუსტად ამ თავისუფალ მედიას, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა რეალური და საქმიანობს, ამოფარებული არიან კრიმინალები და კრიმინალით ნაშოვნი ფულით, ზუსტად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ტელევიზიებს და ჟურნალისტებს. საინტერესოა ამაზე მედიის დამცველების კომენტარები. რატომღაც დილიდან ჩუმად ხართ და არანაირ შეფასებას ამაზე არ აკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ გაწყობთ ის რაც ახლა გამოაშკარავდა და თქვენც ხართ ამ ყველაფრის მონაწილე. ეს რომ მომხდარიყო მეორე მხარეს დარწმუნებული ვარ, დილიდან ერთ ხმაში იქნებოდით კრიტიკის მხარეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, საქართველო ობიექტურად და სამართლიანად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
„საქართველოს სტატუსის გარეშე დატოვება იმ დროს როდესაც რეგიონში ურთულესი ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევებია, არ იქნება სწორი და მართებული გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად მივიღებთ შედეგს და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.