რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ დაებლოკა კანდიდატი და ხელისუფლებას მოუწია, ექვსი თვის ვადით დაენიშნა საარჩევნო ადმინისტრაცია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ეს ყველაფერი ხდებოდა იმის ფონზე, როდესაც პრეზიდენტი და ოპოზიცია ამბობდნენ, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ცესკო-ს ახლანდელი თავმჯდომარის და ადმინისტრაციის კომპეტენციაში, ისინი კვალიფიციურები და პროფესიონალები არიან, კარგად ჩაატარეს, კარგი ადმინისტრირება გაუკეთეს არჩევნებს, რაც დამკვირვებლებმაც აღნიშნეს, მაგრამ მაინც არ დავუჭერთ მხარს ცესკო-ს დაკომპლექტებასო. ამას ერთადერთი ახსნა ჰქონდა, ამ ოპოზიციას სურდა, დაებლოკა საკითხი და რეალურად სურდა, ცესკო, როგორც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სტაბილური ინსტიტუტი, ამ ქვეყანაში არ შემდგარიყო, ეს ყოფილიყო მუდმივი პოლიტიკური უთანხმოების საგანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციას ეს სჭირდება, რადგან ბოლო დემოკრატიულ არჩევნებში ყოველ ჯერზე დამარცხდა, განცდილი თუ სამომავლო მარცხი ცესკო-ში არსებულ ვითარებას მიაწერონ.
„ეს სჭირდებოდათ იმაში, რომ კარგად ნახეს ყველა ბოლო დემოკრატიულ არჩევნებში, რომელიც წესების დაცვით, კონკურენტულად ჩატარდა, რაც დამკვირვებლების შეფასებაა, წააგეს და, შესაბამისად, მათ მომდევნო არჩევნებისთვისაც სჭირდებათ არეული, არასტაბილური ცესკო, რათა თქვან, რომ არჩევნებში წაგება მათი ბრალი კი არ არის, იმის ბრალი კი არ არის, რომ გაკოტრებული დღის წესრიგით მუშაობენ, მომავლის ლიდერები არ ჰყავთ, პარლამენტში დებატებში არ მონაწილეობენ და მხარს არ უჭერენ ეროვნული ინტერესების შესაბამის ინიციატივებს, არამედ თითქოს ეს იმის დამსახურებაა, რომ ცესკო-ში ვერ შეთანხმდნენ, ვიღაც ვერ დაინიშნა და ასე შემდეგ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.