"ნაცმოძრაობის" დღევანდელი განცხადება - ეს არის უბადრუკი მცდელობა თავიანთი უტიფრობისა და უბადრუკობის, სასამართლო სხდომაზე გამოვლენის გაბათილებისა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
გორდულაძის განცხადებით, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ვერასდროს გაექცევიან ევროსაბჭოს რეზოლუციის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტებზე პასუხისმგებლობას და მათ ამ თემაზე არსებულ კითხვებზე პასუხები აქვთ გასაცემი.
გარდა ამისა, როგორც გორდულაძემ აღნიშნა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიტყუა "ისკანდერთან" დაკავშირებითაც და რომ არა სახელმწიფო უწყებების ერთობლივი ქმედებები, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში დამარცხდებოდა.
"ჩვენ მხოლოდ ნაწილს შევეხებით დღეს იმ საქმეებისა, რომელზეც აპელირებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.
ისინი ამბობენ, თითქოს, გაბათილდა აგვისტოს ომთან დაკავშირებული მათ მიმართ დაყენებული საკითხი. ისინი ვერასდროს გაექცევიან N 1633 რეზოლუციის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტებს, სადაც წერია, რომ ცხელი ფაზა ესკალაციისა ქართველი სამხედროების მიერ ცეცხლის გახსნით მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ დაიწყო და რუსეთის ფედერაციის მოქმედებები მხოლოდ და მხოლოდ იყო საპასუხო, ხოლო მე-11 პუნქტში არის კითხვის ნიშანი დასმული, ქართულმა სამხედროებმა ჩაიდინეს თუ არა ომის დანაშაულები. "ნაცმოძრაობამ" ამ ყველაფერს უწოდა დიპლომატიური წარმატება და კომპრომისები - კომპრომისებზე არ მიდიან ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე, ეს ერთხელ და სამუდამოდ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებმა უნდა დაიმახსოვრონ. ამავდროულად, მათ აქვთ კითხვებზე პასუხი გასაცემი, ეს ყველაფერი მათ ჩაიდინეს და აღიარეს N 1633 რეზოლუციაზე მხარდაჭერით, თუ არ ჩაუდენიათ და საკუთარ ქვეყანას ეს ყველაფერი დააბრალეს.
მათ მოიტყუეს ასევე „ისკანდერთან“ დაკავშირებით, თითქოს ის გადაცემული იყო ექსპერტიზისათვის, მაშინ როდესაც 2008-დან 2012 წლამდე „ისკანდერის“ შესახებ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოში და არა ჰააგაში - ისევ და ისევ ელემენტარულად წაკითხულის, დაწერილის წაკითხვა უნდა შეეძლოს იმ ადამიანს, რომელიც წარმომადგენლად არის საკონსტიტუციო სასამართლოში - არ ყოფილა წარდგენილი სასამართლოში. რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი ქმედებები, იურისტების, ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობა, ვერც „ისკანდერი“ იქნებოდა წარდგენილი სასამართლოსთვის და საქართველო დამარცხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი პერსპექტივა რანაირად მოგვემართება ჩვენ - ამ კითხვას სვამენ და ესეც გაბათილდაო, მაშინ, როდესაც გუშინ ლევან ბეჟაშვილი ჩვენ გვისვამდა კითხვას, თუ სად არის, სად წერია, რა დოკუმენტით არის განსაზღვრული მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა და ჩვენ გვიბრუნებდა ამ კითხვას. ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ამ კითხვის დასმით, რომ არავითარი მშვიდობიანი პერსპექტივის შესაძლებლობა არ ჰქონიათ და პირიქით, მათი ქმედებები იყო ზუსტად მილიტარისტული და მათი გადადგმული ნაბიჯები გამოიყენა შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ოკუპაციისათვის," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.









