„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება სასამართლო სხდომაზე გამოვლენილი თავიანთი უტიფრობის გაბათილების უბადრუკი მცდელობაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ საქმეების ნაწილს, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ აპელირებდა.
„ამბობენ, თითქოს გაბათილდა აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხი. ისინი ვერასდროს გაექცევიან 1633 რეზოლუციის მეხუთე, მეექვსე და მეთერმეტე პუნქტებს, სადაც წერია, რომ ესკალაციის ცხელი ფაზა ქართველი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ცეცხლის გახსნით დაიწყო და რუსეთის ფედერაციის მოქმედებები მხოლოდ და მხოლოდ საპასუხო იყო, ხოლო მეთერთმეტე პუნქტში არის კითხვის ნიშანი, ჩაიდინეს თუ არა ომის დანაშაულები ქართველმა სამხედროებმა. „ნაცმოძრაობამ“ ამ ყველაფერს უწოდა დიპლომატიური წარმატება და კომპრომისები. სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგონ, რომ ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე კომპრომისზე არ მიდიან. ამავდროულად, კითხვაზე პასუხი აქვთ გასაცემი: ეს ყველაფერი ჩაიდინეს და აღიარეს 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით, თუ არ ჩაუდენიათ და საკუთარ ქვეყანას ეს ყველაფერი დააბრალეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში მოიტყეს ასევე „ისკანდერთან“ დაკავშირებით, თითქოს ის გადაცემული იყო ექსპერტიზისთვის.
„2008-დან 2012 წლამდე „ისკანდერის“ შესახებ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოში და არა ჰააგაში, წარდგენილი არ ყოფილა და რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი ქმედებები იურისტების, ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობა, ვერც „ისკანდერი“ იქნებოდა წარდგენილი სასამართლოში და საქართველო დამარცხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში. რანაირად მოგვემართება ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი პერსპექტივა, ამ კითხვას სვამენ და ესეც გაბათილდაო, მაშინ როდესაც გუშინ, ლევან ბეჟაშვილი ჩვენ გვისვამდა კითხვას, თუ სად არის, სად წერია, რა დოკუმენტით არის განსაზღვრული მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა, ამას ჩვენ გვიბრუნებდა კითხვად. ამ კითხვის დასმით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ არავითარი მშვიდობიანი პერსპექტივის შესაძლებლობა არ ჰქონიათ და პირიქით, მათი ქმედებები იყო მილიტარისტული და მათი გადადგმული ნაბიჯები გამოიიყენა შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ოკუპაციისათვის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ეფექტური კონტროლის ქვეშ არამარტო სასამართლო ხელისუფლება იყო, არამედ ყველა კონსტიტუციური ორგანო, ავტორიტარული რეჟიმი ჰქონდათ ჩამოყალიბებული და სრულად მართვადნენ ყველას და ყველაფერს.
„ნიშანდობლივია ის განცხადება, რაც დღეს ანა წითლიძემ გააკეთა, რომ თურმე არ მიეცათ საკონსტიტუციო სასამართლოში უპრაგონოდ შესვლის შესაძლებლობა, როგორც ჰქონდათ 2004-2012 წლებში, როცა სასამართლო სხდომა არ მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლო „ნაცმოძრაობის“ ბრიფინგების გასამართი ადგილი ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, რა დღეშიც ჰყავდათ სასამართლო ჩაგდებული 2004-2012 წლებში. მან ისაუბრა სხვადასხვა გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. დღესაც უტიფრად ამტკიცებდა, რომ თურმე სერგო თეთრაძე არ უწამებიათ, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ დამოკიდებულებას დანაშაულების, ადამიანების წამების მიმართ. ზუსტად იმავე არის შავაძის საქმესთან დაკავშირებით. მან ახსენა ორი კონკრეტული გვარი – კონცენლიძე და როინიშვილი. გუშინ ამტკიცებდნენ, თითქოს ჩვენება არ ჰქონდათ საგამოძიებო სამსახურებისთვის, რაც არის აბსოლუტურად ტყუილი და ამ ტყუილში გუშინვე ვამხილეთ. დღეს გამოვიდნენ და გააკეთეს უტიფარი განცხადება. მთავარის თქმა დაავიწყდათ, რომ მათივე მწამებლური რეჟიმის, სისტემის წარმომადგენლებსაც, ჯალათებსაც კი კონცენლიძისა და როინიშვილის ჩვენებები სადავოდ სასამართლოს წინაშე არ გაუხდიათ და ამ ტყუილების თქმას თავი დაანებონ. რაც შეეხება სხვა საქმეებს, მაგალითად ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე, 24 ადამიანი აწამეს, აყურებინეს სხვა ადამიანებების წამებები, ამ წამების ქვეშ მათმა წარმომადგენლებმა აიძულეს 24 ადამიანი აღიარებითი ჩვენებები მიეცათ, რაც გაბათილებულია 24-ვე ადამიანის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამართლებელი განაჩენებით. ერთ-ერთის მიმართ, რომელიც გუშინაც შევახსენეთ ქალბატონ ანა წითლიძეს, რომელიც ღიმილით საუბრობდა ადამიანების წამებაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი არსებობს რომ ფრჩხილები დააძრეს, მის ზურგსა და მუცელზე იხტუნავეს და ეს წამება დადასტურებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებით. რაც შეეხება ლაფანყურის სპეცოპერაციას, აბსოლუტური ტყუილია, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს და ყველაზე კარგად ჯალათების წარმომადგენლებმა იციან ამის შესახებ. საკუთრების უფლებების დარღვევაზე საუბრობდნენ აბსოლუტურ ტყუილს, მაშინ როდესაც ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ საკონსტიტუციო სასამაართლოს მიმდინარეობისას, რომ დაზარალებულად არის ცნობილი 488 ადამიანი, აქედან 335-ს საკუთრებები დაუბრუნდა, დანარჩენებთან დაკავშირებით წარმოება მიმდინარეობს, ასობით განცხადებაა შემოსული პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მიმართ, რომელიც გაგზავნილი არის ისევ პროკურატურისთვის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური მითები, ტყუილები და ბინძური პროპაგანდა მის მიერვე მართულ საკონსტიტუციო სასამართლოში თავზე ჩამოეშალა“.









