საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე სხდომა გრძელდება. პროცესი ისევ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ამჯერად კითხვებს პარტია "ახალის" წარმომადგენლები სვამენ.

პარტიის წევრებმა დასვეს შეკითხვა, რამდენად არიან ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მოპასუხეები.

მოსარჩელე მხარემ მათ დარბაზში შეახსენა 4 ოქტომბრის მოვლენები, კონსტიტუციური დამხობის მცდელობები, ძალადობრივი აქციები, შტურმი პარლამენტის შენობაზე და პრეზიდენტის სასახლის აღების მცდელობა, - მათი განცხადებები, ამ ძალადობრივი მოვლენების მხარდაჭერა და წახალისება.

"დაასახელეთ ერთი ქმედება, რომელიც მოპასუხეს შეერაცხება - თარიღი და უბრალოდ ეს ქმედება აღწერეთ რა დავაშავეთ?“ - ამ კითხვით მიმართა "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თენგიზ თევზაძემ მოსარჩელე მხარეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციური წყობილების დამხობის მიზნით, 5 პარტია ერთიან ორგანიზმად მოქმედებს:

"არაერთხელ გავეცით პასუხი, თუ როგორ მოქმედებს ხუთი პარტია ერთიან ორგანიზმად კონსტიტუციური წყობილების დამხობის მიზნით, დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებით. თუ ერთი გაინტერესებთ, ბატონო თენგიზ, იხილეთ ძალადობრივი აქციის მხარდამჭერი თქვენი განცხადება," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სხდომაზე კიდევ ერთი კითხვა დასვა "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თენგიზ თევზაძემ.

"დაასახელეთ მოპასუხის მიერ მოთხოვნილი ცვლილებები, რომელიც დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს არ შეესაბამება, თუ არსებობს დოკუმენტი ან განცხადება, რომლითაც ჩვენ ეს ცვლილებები შემოგვთავაზეთ, ან ზოგადად საჯაროდ გავავრცელეთ და შევთავაზეთ საზოგადოებას." - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთან დაკავშირებით, არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ სარჩელში დასახელებული პარტიის წარმომადგენლები ცდილობდნენ ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მხარდაჭერას.

"ყველა ჩვენს სარჩელში დასახელებული პარტიის წარმომადგენლები, როგორ ცდილობდნენ ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მხარდაჭერას, წახალისებას, წაქეზებას. საქმე ეხებოდა ძალადობებს. ცეცხლის დანთებას ქვეყნის დედაქალაქის შუაგულში, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის დაწვის მცდელობას, შტურმს საქართველოს პარლამენტის შენობაზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის აღების მცდელობებს, ე.წ. მშვიდობიანი და რეალურად დამხობის მცდელობას 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და არა ერთი. მათ შორის ლაზარე გრიგორიადისის გამოცხადება პოლიტპატიმრად.“ - აცხადებს არჩილ გორდულაძე.