ნარკორეალიზატორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უმკაცრესია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, მმართველი გუნდის ავტორობით, სისხლის სამართლის კოდექსში ძალიან გამკაცრდა ის მუხლები, რომლებიც ნარკორეალიზაციასა და ორგანიზებულ დანაშაულს ეხება.
„აქ ითქვა ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკებს ახალისებთო. დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩვენი გუნდის ავტორობით, ძალიან გავამკაცრეთ სისხლის სამართლის კოდექსში ის მუხლები, რომლებიც ნარკორეალიზაციას ეხება. გავამკაცრეთ მუხლები, რომლებიც ეხება ორგანიზებულ დანაშაულს. ვნახეთ პრაქტიკაც, როგორია საგამოძიებო სამსახურების ქმედება, როგორია პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი და გადაწყვეტილებებიც. ნარკორეალიზატორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უმკაცრესია“, - აღნიშნა მან.










