საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ახლად დანიშნულ უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო საქმიანობას შეეხო. ხაზი გაესვა, რომ, მთავრობა ზედმიწევნით მუშაობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაც ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია.
რაჟდენ კუპრაშვილი დღემდე სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი, შპს საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტის- „ტრანსპროექტის”იურიდიული სამსახურის უფროსი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 6 თებერვალს, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინა 3 კანდიდატი - ზურაბ აზნაურაშვილი, რაჟდენ კუპრაშვილი და ელგუჯა მაკალათია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებითა და “ სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საკონკურსო კომისიის 2023 წლის 10 იანვრის დებულების შესაბამისად, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.