ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სსიპ- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, განცხადებები/თანდართული დოკუმენტები 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით მიიღება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/75755?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნასამართლეობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.
კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან - განაცხადებების გადარჩევა და გასაუბრება.
დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატების შესაბამისობის შეფასების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისია შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატს, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ. მთავრობის მეთაური მისთვის წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთს დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე.
კონკურსში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია, ასევე შეგიძლიათ იხილოთ კომისიის დებულებაში.