არავითარი დაპირება არ გაგვიცია, ვალდებულება არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერის და პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„საზოგადოებამ იცის, რომ საარჩევნო ბარიერის საკითხი არ ყოფილა [ევროკავშირის] 12-პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ვერც იქნება განხილული [ბარიერის დაწევის საკითხი]. ეს უკავშირდება ქვეყნის შიდა კონსტიტუციურ, საარჩევნო სისტემას და ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს ქართველ ხალხს. როდესაც 2017-2018 წლებში საკონსტიტუციო რეფორმა გავატარეთ, საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტის წევრებს ევალებათ აზრი ჰკითხონ ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ საყოველთაო-სახალხო განხილვები მოვაწყვეთ და ქართველ ხალხთან შევათანხმეთ, როგორი უნდა ყოფილიყო საარჩევნო სისტემა და ბარიერი. არავითარი დაპირება არ გაგვიცია, ვალდებულება არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერის და პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.