საარჩევნო ბარიერის დაწევაზე პოლიტიკური პარტიების აქტიურობა მიუთითებს, რამდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ ბარიერის დაწევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„ერთი მხრივ, გვესმის ომახიანი ტონი, რომ ხელისუფლებაში მოდიან, ამასთან, გვთხოვენ, ბარიერი დავუწიოთ, იქნებ როგორმე გადალახონ და საქართველოს პარლამენტში შესვლა შეძლონ. ეს მეტყველებს, რამდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები, მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის რესურსიც კი არ აქვთ, რაც დღეს არის დადგენილი. იცით, რომ საარჩევნო ბარიერი დადგენილია ხუთპროცენტიანი ბარიერის სახით. ბარიერის დაწევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, არ განიხილება და არც ვაპირებთ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ კეთილი ინებოს და მოემზადოს არჩევნებისთვის, უზრუნველყონ რესურსების მობილიზება და თანასწორ, კონკურენტულ, სამართლიან პირობებში გავიდნენ. ამ არჩევნებმა გადაწყვიტოს, ვინ იმსახურებს ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვას და ვინ არ იმსახურებს. შესაბამისად, საკითხი, რომ ჩვენ შეიძლება ეს განვიხილოთ, არის დახურული, დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.