„ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასებამ დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტმა სრულად მიიღო მხედველობაში ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, რომელიც სამართლებრივ მოსაზრებებზე იყო დაფუძნებული“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან ვენეციის კომისიის 9 ოქტომბრის დასკვნაზე ისაუბრა.
ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა ვენეციის კომისიის დასკვნას „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ და შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ საკითხზე ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი სპეკულაციური განცხადება მოისმინა.
„ჩვენ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მასშტაბურად გადაისინჯა ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ და მოწესრიგდა შემდეგი საკითხები: დაიხვეწა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნის წესი.
ყველა მოსამართლე დაინიშნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის სტანდარტით; მოსამართლის განწესების შესახებ გადაწყვეტილების წარმატებით გასაჩივრების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს დაევალებათ, სათანადოდ გაითვალისწინონ საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება; უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ მიკერძოების დადგენის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამის წევრს შეეზღუდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის პროცესის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობა;
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად დადგენილი სპეციალობით მუშაობის 5-წლიანი სტაჟი 10-წლიანი სტაჟით იცვლება;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრობის კანდიდატებს მიეცათ უფლება, კენჭისყრამდე წარუდგინონ თავიანთი ხედვა მოსამართლეთა კონფერენციას.
დადგინდა საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას პარლამენტში მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება; იკრძალება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი მოსამართლე წევრის არჩევა რომელიმე 6-თვიან პერიოდში. ასევე, იკრძალება პარლამენტის მიერ ერთი და იმავე სესიის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი წევრის არჩევა; ზუსტდება მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საფუძვლების შინაარსი. მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ვადის გაგრძელების მაქსიმალური ხანგრძლივობა 2 წლიდან მცირდება 1 წლამდე.
ზუსტდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თავისი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება; ზუსტდება მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის შესახებ ნორმის შინაარსი;
მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად დადგენილი კვორუმი სრული შემადგენლობის უმრავლესობიდან ორ მესამედამდე იზრდება და დადგინდა შესაბამისი სასამართლო აქტების ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის დაშტრიხვის გარეშე გაცემის წესი“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა ვერ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მხოლოდ ის რეკომენდაციები, რომლებიც ბუნდოვნად იყო წარმოდგენილი, სამართლებრივ მოსაზრებებს არ ეფუძნებოდა ან ევროკავშირის ქვეყნებში ჩამოყალიბებულ პრაქტიკას არ შეესაბამებოდა.
„ერთ-ერთი ბუნდოვანი რეკომენდაცია უკავშირდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც ყოველგვარ კონკრეტულობას იყო მოკლებული და რომლის შესახებ დაზუსტებული რეკომენდაციები ვერც კონსულტაციების მსვლელობისას მივიღეთ. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის შესახებ მით უფრო ბუნდოვანია, რადგან ამავე კომისიამ 2017 და 2018 წლების დასკვნებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მარეგულირებელი კანონმდებლობა უაღრესად დადებითად შეაფასა.
საქართველოს პარლამენტი კვლავაც განაგრძოს კონსულტაციებს ევროკომისიასთან და მზადაა, მხედველობაში მიიღოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, დაფუძნებული იქნება სამართლებრივ მოსაზრებებზე და შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის ქვეყნებში ჩამოყალიბებულ პრაქტიკასთან“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა. სადაც ნათქვამია: მივესალმებით ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებზე, მაგრამ, წინა რეკომენდაციები ჯერ არ არის გათვალისწინებული