მე მაინტერესებს, აი, ამ დიდებულ და ამაღელვებელ დღეს, როდესაც ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძოლისთვის მზად არის, ვის მოუვიდა აზრად ამ პლაკატების დაბეჭდვა და შემდეგ აქციაზე მოტანა?! ვინ გადაწყვიტა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა?  - ამის შესახებ "ნაციონალური  მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"ანუ, გიგი წერეთელს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ამ ქვეყანაში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს? ან იქნებ დღეს აქციაზე გიგი წერეთლის უფრო მეტი მხარდამჭერი იდგა, ვიდრე ენმ-სი? ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?! მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენს გამო გამოდის ქუჩაში? ძალიან სირცხვილია!

მე პირადად არაფერი მიკვირს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს ყველამ ერთობის დამრღვევთა ნამდვილი სახე." - წერს ანა წითლიძე "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერს, რომელზეც გამოსახული იყო მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ორივე გადახაზული იყო წითელი ხაზებით.