თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.

აქციის მონაწილეს, რომელსაც ბანერი ეჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა: „პროვოკატორი ხარ?“

როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე პროვოკაცია მოხდა.

„ჩვენს მომხრეებს პროვოკატორები​ უფრიალებდნენ ბანერებს. ეს იყო მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი, უარყოფით კონტექსტში ბანერი, რაზეც მათ ჰქონდათ ბუნებრივი რეაქცია. ჩვენ მივედით ადგილზე, სიტუაციაში გასარკვევად. აღმოჩნდა, რომ პროვოკატორი აგრესიულად იყო განწყობილი. მკაფიოდ ვუთხარით, რომ აქ პროტესტანტებისა და დემონსტრანტების უდიდესი ნაწილი არის არა რუსულ პროპაგანდას აყოლილი და სააკაშვილისა და ივანიშვილის ერთ კონტექსტში დამყენებელი, არამედ ისტორიის სწორ მხარეს დგანან და კარგად იციან, რომ აქეთ მხარეს დგას სააკაშვილი, იქით – ივანიშვილი. ეს ხალხი შეიძლება, ივანიშვილის მიერ არის მოგზავნილია, რადგან ეს არის ივანიშვილისა და „ქოცების“ თამაში – ერთიანობის მაგივრად, დაყოფისა და დაქსასვის სპეცოპერაცია. რომელ პოლიტიკურ პარტიას გამოხატავენ, არ ვიცი, ალბათ „ფედერალისტებს“, რადგან ეს ხალხი გამოირჩევა პროვოკატორობით და ბიძინას დაკვეთების შესრულებით ოპოზიციაში“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.