„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ამომრჩეველი არ არის იუსტიციის ქაღალდი და ბეჭედი.

„ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვითქვამს და მოგვიწოდებია ყველასთვის, მათ შორის გახარიას პარტიისთვისაც, რომ არ აქვს მნიშვნელობა რეჟიმს როგორ ანახებ შენს თავს. ხომ ჰქონდათ მოლოდინი 2025 წლის რუსულ სპეცოპერაციაში, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვინც შევიდნენ, ამით თავს გადაირჩენდნენ ოლიგარქიული სისტემისგან, პარლამენტში შესვლაც ხომ თავის გადარჩენის ერთ-ერთი ნაწილი იყო გახარიას მხრიდან. ერთადერთი, რაც გადაგარჩენს, არის თანმიმდევრულობა. ახლა არ ვიცი, რა არის მიზანი სარჩელში გახარიას პარტიის დამატების. როგორიც არ უნდა იყოს მათი მიზანი, ნათლად მიუთითებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ამ სარჩელით ივაჭროს, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ივაჭროს იმაზე, რომ პარტიების აკრძალვა-არააკრძალვის საკითხი დაიყვანოს ბიძინა ივანიშვილის სანქციების მოხსნა-არმოხსნაზე. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, რომ ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენი მრავალათასიანი ამომრჩევლისთვის არ არის იუსტიციის ქაღალდი და ბეჭედი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები. მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.