რუსები წლების, საუკუნეების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ შეექმნათ კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის, არანაირი ეთნიკური კონფლიქტი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ქართულ-რუსული კონფლიქტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
ანა წითლიძე გამოეხმაურა „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.
მისი თქმით, იცნობს ძალიან ბევრ აფხაზს, რომელთაც უყვართ ქართველები და ქართველებს, რომელთაც უყვართ აფხაზები, ამიტომ განზოგადებას ვერ გააკეთებს.
„აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა. რუსები მუშაობდნენ ზუსტად იმ მიმართულებით, რომ შეექმნათ კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის. რა თქმა უნდა, აფხაზების აღქმაში ჩვენ ახლა ვერ ვიქნებით იდეალისტები და ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად არის, ყველას უყვარს ქართველები და ქართველებსაც უყვართ აფხაზები, რეალობას უნდა შევხედოთ. თუმცა, ვიცნობ ძალიან ბევრ აფხაზს, მათ შორის ჩემს ნათესავებს, რომლებსაც უყვართ ქართველები, ახსოვთ ქართველებთან თანაცხოვრება, წარმოუდგენიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთთან ერთად. ამიტომ, ჩემთვის იმედია აფხაზეთში მცხოვრები მსგავსი აფხაზები, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს განწყობა. ამას სჭირდება სწორი პოლიტიკა და სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც 14 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, ნაბიჯი არ გადაუდგამს „ქართულ ოცნებას“. სახელმწიფოს სტრატეგიული პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს, როგორ შევძლოთ ჩვენი ურთიერთობა არა წარსულის შეცდომებზე, არამედ კარგ ნიადაგზე. მე ვიცნობ ისეთ აფხაზებს, რომლებსაც უყვართ ქართველები და პირიქითაც, ამიტომაც ვერ განვაზოგადებ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.









