მივესალმები საქართველოს ათიათასობით თავისუფალ, ღირსეულ, პატრიოტ მოქალაქეს, რომლებიც მთელი ამ დღეების განმავლობაში დაუღალავად, ერთობით, სიმტკიცითა და ერთიანი მიზნით იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას, ეროვნულ არჩევანს და ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ ადამიანების წინააღმდეგ თქვენ არ დაიშურეთ არც რეზინის ტყვიები, არც ხელკეტები, არც გაზი, არც წყლის ჭავლი, არც ძალადობა, არც უკანონობა, მაგრამ ეს ადამიანები დგანან ერთად, მედგრად და ეუბნებიან თქვენს რუს ოლიგარქს, რომ არ გაგატანთ ამ ქვეყანას რუსეთში, ჩვენ იმისთვის არ გაგვიჩენია შვილები საქართველოში, რომ მათ რუსეთში გაიღვიძონ, ჩვენ იმისთვის არ გვისწავლია და გვიბრძოლია, რომ რუსეთში გავიღვიძოთ.

სტუდენტები გეუბნებიან, რომ არ იქნება ეს ქვეყანა რუსეთის უკანა ეზო. დღეს გამოვიდნენ მომავალი ექიმები და თქვეს, რომ ახლა არის დრო, როდესაც ყველა უნდა დადგეს სამშობლოს დაცვის სადარაჯოზე. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გეუბნებიან, რომ ჩვენ ახლა ვდგავართ, რათა ვუმკურნალოთ ჩვენს ქვეყანას, მოვუაროთ იმ იარებს, რომელსაც თქვენ აჩენთ საქართველოს სხეულზე და ასეც იქნება, ჯერ არსად გაუმარჯვიათ მშიშრებსა და მსტოვრებს. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს მისი თითოეული მოქალაქე, რომელსაც ღრმად სწამს, რომ იყო ქართველი, იყო საქართველოს მოქალაქე, ეს არის უდიდესი პატივი, პრივილეგია და უდიდესი ჯვარი, რომელიც ღირსეულად უნდა ატარო, რაც არ უნდა მძიმე და რაც არ უნდა ძნელი იყოს ამ გზის გავლა.

მივმართავ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, არ მგონია, მოგწონდეთ, რომ თითო-ოროლა სადისტისა და დამნაშავის გამო ყველას გეცხებათ ჩირქი და ყველას გეწერებათ ძალიან მძიმე სახელი. არ მგონია, იმ ხალხისთვის, ვინც იბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ვინც იბრძოდით რუსეთის წინააღმდეგ და ბევრი თქვენგანი დღემდე სხეულით ატარებთ იმ იარებს, რომელიც აფხაზეთის ომში, რომლებიც აგვისტოს ომში რუსეთმა მოგაყენათ, რომელსაც თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი რუსეთის მიერ დაჭრილი თუ მოკლული თანამებრძოლი, არ მგონია, მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თითო-ოროლა სადისტი, გადაცმული სამართალდამცველის ფორმაში. ჩვენ გვჯერა, გააკეთებთ სწორ არჩევანს და დადგებით არა რუსეთის, არამედ საქართველოს მხარეს. თქვენ ყველაზე კარგად უწყით, რამდენად სასიცოცხლო და კრიტიკულია საქართველოსთვის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი მეგობრები და პარტნიორები წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ იჩენდნენ. ჩვენ გელოდებით, ჩვენ გვჯერა, ქართული ჯარი, ქართული პოლიცია დადგება ხალხის მხარეს, ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციის ფონზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.  

საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ღამე გაათენეს და დილამდე დარჩნენ - ადგილზე სამართალდამცველები არიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან, აქციაზე 20 პირია დაკავებული, აქედან 3 პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა - 1 რუსეთის, 2 ამერიკის შეერთებული შტატების

ცნობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა: 1 ნოემბრისთვის გადაიტანეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონის ამოქმედების ვადა - არჩევნების მერე, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება  

ასევე, პრემიერის თქმით, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მესამე მოსმენით - გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად

 პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

ვენეციის კომისია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

 საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.