„ბატონო შალვა, ამ ქვეყნის ისტორიაში ეს საპარლამენტო წელი შევა რუსული კანონის წლად. ბევრი მტკიცებულებაა იმის, რომ ეს არის რუსული კანონი და ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ თქვენი ხელით განხორციელებული რუსული სპეცოპერაცია“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, არასწორია შეხედულება, რომ ოპოზიცია არ მუშაობს და არ ცდილობს თავისი პოზიტიური წვლილი შეიტანოს პარლამენტის დღის წესრიგში.
„ყველზე კარგად თქვენ იცით, რამდენად გამჭვირვალეა დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილი დახმარება. რაც არ არის გამჭვირვალე, რაც არის შხამი და საწამლავი ამ სახელმწიფოსთვის, ეს არის უკონტროლოდ შემოსული რუსული ფული. სწორედ ამის საპასუხოდ, შემოგთავაზეთ ჩვენ „ლელოს“ მიერ მომზადებული საქართველოს დაცვის აქტი. ამ აქტის მთავარი და ერთადერთი ამოცანა იყო რუსული პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო მავნე გავლენის შეკავება საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ ეს აქტი დაბლოკეთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტი სათანადოდ ვერ ასრულებს საზედამხედველო ფუნქციას.
„ზედამხედველობის ნაწილი არის სრული ფიქცია. დღეს საქართველოს პარლამენტი არანაირი ზედამხედველობას არ ახორციელებს. ზედამხედველობა არ არის მადლობების დაღვრა მინისტრების მიმართ. ზედამხედველობა არის საკუთარი თანაგუნდელებისთვის სიმართლის თქმა, როდესაც ქვეყანაში არის მძიმე პრობლემები“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.