„ქართული ოცნება“ აშკარად პანიკაშია. მესმის, რომ ძალიან აშინებთ „ლელოს“ გაძლიერება და ის დამოუკიდებელი გზა, რომელიც ჩვენ პარტიას აქვს არჩეული, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ პარტია „ლელოს“ შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„რამდენი თავდასხმაც არ უნდა განახორციელონ და არა ბინძური კამპანიაც არ უნდა აწარმოონ „ლელოს“ წინააღმდეგ, ვერ აგვაღებინებენ ხელს ჩვენს გეგმებზე: გავუშვათ რუსული ხელისუფლება, პენსია ქვეყანაში გახდეს 1000 ლარი, თითოეულ სტუდენტს, კურსდამთავრებულს ჰქონდეს გარანტია, რომ სახელმწიფო მას უზრუნველყოფს ანაზღაურებადი სტაჟირებით, რაც გახდება მისი ღირსეული დასაქმების გარანტი. ვერ აგვაღებინებენ ხელს საქართველოს დაცვის აქტის მიღებაზე, რომ შეიზღუდოს საქართველოში მზარდი რუსული ექსპანსია, რუსული მავნე გავლენები და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და პოლიტიკის ოკუპანტის ინტერესებზე ჩამოკიდება და დამოკიდებულება. ვერ აგვაღებინებენ ხელს იმაზე, რომ ავაშენოთ ანაკლია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. იდგნენ და ილანძღონ, მეტი მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. საქმის კეთება მათ არ შეუძლიათ. ეს ძალიან მძიმეა ამ ქვეყნისთვის იმიტომ, რომ 12 წელი ჰქონდა ამ ძალას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გაეყვანა განვითარების სულ სხვა ეტაპზე“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.