„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატის შესარჩევ პრაიმერიზში ამ ეტაპზე იაგო ხვიჩია ლიდერობს, თუმცა ხმის მიცემა ორშაბათს შეწყდება და საბოლოო შედეგი შემდეგ გახდება ცნობილი.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, რამდენიმე ასეული ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას და ყველაფერი, შეიძლება, შეიცვალოს.
„ჩვენს საიტზე მიმდინარეობს პრაიმერიზი. ჩვენი მხარდამჭერები ორ კანდიდატს, ჩემსა და იაგო ხვიჩიას შორის აკეთებენ არჩევანს. ორშაბათს პრაიმერიზი დაიხურება და შედეგებიდან გამომდინარე, ის იქნება ჩვენი კანდიდატი, რომელსაც საკრებულოს წევრებთან ერთად წარვადგენთ. ამ ეტაპზე იაგო პირველ ადგილზეა, მაგრამ გარანტია, რომ ეს არ შეიცვლება, არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ იაგო პირველ ადგილზეა მიმდინარე მომენტში, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მისი კანდიდატად წარდგენის ალბათობა მაღალია, მაგრამ კიდევ რამდენიმე დღე დარჩა, ვიდრე საბოლოო შედეგი იქნება ცნობილი. პრაიმერიზის ლოგიკა იმაშია, რომ ყველაფერი შეიძლება, შეიცვალოს. საბოლოო ჯამში, რამდენიმე ასეული ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას და როგორც გადაწყვეტენ ისე იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშილმა.