"ქართული ოცნებისთვის" სასურველი სურათი დგება ახლა - არანაირი ერთობა არ არის", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, "გირჩმა" რამდენჯერმე სცადა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება და საერთო კანდიდატზე შეჯერება, მათ შორის, ისინი მზად იყვნენ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი ეთქვათ, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ერთობა ვერ შედგა.
ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილი "ქართული ოცნების" დამარცხებას აღარ ცდილობს.
"ქართული ოცნებისთვის" სასურველი სურათი დგება ახლა - არანაირი ერთობა არ არის. "ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" არ მონაწილეობენ არჩევნებში. "ლელო" და გახარია იღებს მონაწილეობას არჩევნებში, თან რაღაცნაირად გაურკვევლად.
ჩვენ გასაგები მიზანი გვაქვს, ესენი აღარ ცდილობენ "ქართული ოცნების" დამარცხებას. ვცადეთ, ველაპარაკეთ, ნოემბერში მიტინგი მოვაწყვეთ, დავუდეთ გეგმა, რა გავაკეთოთ არჩევნების შემდეგ, დეკემბერში ერთობა შევთავაზეთ, ჩვენ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს ვიტყოდით, ოღონდ ერთობა გამოსულიყო. მილიონებზე რომ უარს ვამბობ, მეტი რით დაგიმტკიცო, რომ გულწრფელი ვარ ჩემს სურვილში, მაგრამ ამაშიც არავინ არ წამოგვყვა, მერე ერთიანი კანდიდატის იდეა შევთავაზეთ, იქნებ ასე გავერთიანებოდით, ბოლოს, ჩვენც ხომ დედა ტერეზა არ ვართ, რომ მათ მომავალზე ვიზრუნოთ. ვცადეთ, მივხვდით, რომ ესენი მოგებაზე აღარ თამაშობენ.
ჩვენ მარტივი მიზანი გვაქვს - "გირჩი" გავძლიერდეთ, მეტი "გირჩები" გვყავდეს საკრებულოში, მეტი მხარდამჭერი გვყავდეს, როცა საპარლამენტო არჩევნები იქნება მაშინ ბევრად უფრო ძლიერები მივიდეთ", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.