სააკაშვილმა პოსტი დადო, სადაც გვარამიას ადანაშაულებს, რომ ბიძინას ფულით ატარებდა წინა არჩევნებს. წარმოიდგინეთ, ამას არავინ იმჩნევს, ვითომც არაფერი. 40 მილიონი თუ შეგიძლია იშოვო, მაშინ რა რუსული რეჟიმი და დიქტატურაა?, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტატუსს, სადაც სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს.
„ეს სულ ასე ხდება, ყველამ იცოდა, დიდი ხანია, ცნობილი ფაქტია. 40 მილიონი თუ შეგიძლია, იშოვო, მაშინ რა რუსული რეჟიმი და დიქტატურაა? თუ შეგიძლია, ბიძინას წინააღმდეგ 40 მილიონი იშოვო და დაახარჯო ბრძოლას, ესე იგი, არც ისეთი დიქტატურა ყოფილა. ზოგადად, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაში „ქართულ ოცნებას“ თავისი წვლილი აქვს ყველა პროცესში, მათ შორის პალიკო იქნება, ზურა თუ ასე შემდეგ. ეს ხომ დისკუსიის საკითხი უნდა იყოს. ნუთუ არ აინტერესებს თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომ დისკუსია გაიხსნას. რა დროს გაერთიანებაა, თუ შენივე პარტნიორს ეძახი მოსყიდულს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საჭიროა გაერთიანება.
ცნობისთვის: „ახლა მაინც გვმართებს ყველას საკუთარ შეცდომებზე სწავლა და გაერთიანება. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ოპოზიციას, რომელიც პუტინის ოპონირებიდან გადართულია ერთმანეთისთვის ტალახის სროლაზე. მე, ჩემი მხრივ, არაერთხელ დამივიწყებია სხვადასხვა შეტევა ჩემზე. ახლაც შეგნებულად არ დავასახელე რომელიმე მოქმედი პოლიტიკოსი და მომავალშიც მზად ვარ, გადავხაზო ყველა უთანხმოება და სხვებთან ერთად ვკონცენტრირდეთ მომავალზე. ტყუილად კი არ დავაწერე საქართველოს გერბს საკუთარი ხელით – „ძალა ერთობაშია““, – წერს მიხეილ სააკაშვილი.







