შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას მეორე და მესამე მოსმენით პლენარულ სესიაზე განიხილავენ.

სიახლის მიხედვით, სასჯელი, გზის სავალი ნაწილის უკანონო გადაკეტვის, მასზე დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შემთხვევაში, 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ იმ პირებს, რომელთაც შეკრებისას თან ექნებათ იარაღი ან პიროტექნიკა. 

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი დიდი მიტინგების პრევენციას ემსახურება მიზნად.

"ცვლილებები არაფერ შუაშია მიმდინარე გადაკეტვებთან, იმიტომ, რომ რუსთაველი იკეტება პოლიციის მეშვეობით და არა იმიტომ, რომ იქ ბევრი ხალხი იკრიბება. ასეთი შეზღუდვები, საბოლოო ჯამში, არის მცდელობა, რომ დააშინონ ხალხი, რომ ეგონოთ - თუ აქციაზე გამოვა, დაგიჭერენ, დაგაჯარიმებენ და ა.შ.

ბევრი ადამიანი კანონებს არ წაიკითხავს, მათ არ უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ გამოვიდნენ მიტინგზე. მომავალი დიდი მიტინგების პრევენციაა ეს კანონი", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 

ცნობისათვის: პარლამენტში სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის კოდექსებში შესატანი ცვლილებები დღეს დაჩქარებული წესით განიხილება.

კანონპროექტით მკაცრდება აქციისა და მანიფესტაციების ჩატარების რეგულაციები. ცვლილებების მიხედვით საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, აქციაზე სახის ნიღბით დაფარვა ან ცრემლსადენი გაზის ქონა 15-დღიან პატიმრობას დაექვემდებარება.

ასევე 60-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს აქციაზე იარაღის ქონა, ხოლო პოლიციელისათვის მესამედ შეურაცხყოფის მიყენება 1-წლიანი პატიმრობით დაისჯება.