"ძვირფასო ამომრჩეველო, ფასები ჩვენ ქვეყანაში იზრდება იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ბეჭდავს, ბეჭდავს მათ შორის კომერციული ბანკებისა და მთავრობის შემოსავლების ზრდის მიზნით" - პარტია "გირჩის" ერთერღი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"თავიდან ვიფიქრე, ამ იურისტებით გატენილ მთავრობაში არავინ ყავთ, ვისაც რაიმე საბაზისო ცოდნა მაინც გააჩნია ეკონომიკაში, თორემ კი ეცოდინება, რომ ფასებს პროკურატურით არ ებრძვიან; რომ იმპორტის ჩანაცვლება კარგი საქმე ვერ იქნება. ის ასევე აუხსნიდა პრემიერს, რომ ჩვენნაირ ქვეყანაში მოგება მეტი უნდა იყოს, ვიდრე საფრანგეთში, თორემ თუ ბიზნესი აქაც და იქაც ერთ მოგებაზეა, ვის მოუნდება აქ ბიზნესის კეთება? მაღალი მოგება - მეტი პოლიტიკური რისკების, დაულაგებელი სასამართლო სისტემის, დაუცველი კერძო საკუთრების და უამრავი სხვა არსებული რისკების კომპენსაციაა.

თუმცა მერე ვიფიქრე, შეიძლება ვინმე ადეკვატური მთავრობაში კი ყავთ, მაგრამ არ სჭირდებათ. მთავრობასთან დალაგებულ სავაჭრო ქსელების მფლობელ ბიზნესმენებს მაინც არაფერი ემუქრებათ, ხოლო ქოცების ასეთი პროპაგანდა, როგორც ყოველთვის, იმ დაშვებაზე დგას, რომ ხალხი სულელია, არაფერი ესმის და ვერაფერს გაიგებს, ამიტომ ვაჩვენოთ, რომ პრემიერი მათზე ზრუნავს, და რომც არ იზრუნოს და გაპარსვა გააგრძელოს, ვერაფერს მიხვდება.

ჰოდა, ძვირფასო ამომრჩეველო, ფასები ჩვენ ქვეყანაში იზრდება იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ბეჭდავს, ბეჭდავს მათ შორის კომერციული ბანკებისა და მთავრობის შემოსავლების ზრდის მიზნით. ამ მრავალმილიარდიანი ყოველწლიური სუბსიდირების შედეგად ბანკები უკვე მრავალი წელია მსოფლიო ჩემპიონები არიან მომგებიანობით, არც მთავრობა ჩივის დამატეითი შემოსავლების ნაკლებობაზე, ხოლო ამის საფასურია ის, რომ მერე ზეთი ძვირდება, პური ძვირდება და ხალხის დიდი ნაწილი ღარიბდება. ბიძინას ერთი ზარი ეროვნულ ბანკში და ფასების ზრდა შეწყდება და მალე შემცირებასაც კი დაიწყებას, რადგან ფასებზე ეროვნული ბანკია ამ ქვეყანაში პასუხისმგებელი და არა პრემიერი, მთავრობა, პროკურატაურა თუ ვინმე სხვა (სხვა თუ არაფერი ირაკლი კობახიძის კონსტიტუციაშიც კი ეს წერია პირდაპირ და არაორაზროვნად). თუმცა ქოცების გამოცდილება აჩვენებს, რომ უმეტესწილად ადამიანები ირჩევენ ტყუილს და მთავრობის "მზრუნველობის" უხარიათ, ხოლო ინტელექტის დაძაბვა, რათა მიხვდნენ, თუ ვინ და რა არის მათი ნამდვილი პრობლემა, არც ისე ბევრი ადამიანის არჩევანი ხდება"- წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ცნობისათვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მიაღწიონ. პრემიერის თქმით, თხოვნით მიმართავს პარლამენტს, რათა საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია. ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა.