„ბიბისის“ გამოძიებას უამრავი ნაკლი ან კითხვის ნიშანი აქვს, მაგრამ თავისთავად ის, რომ ვიღაცამ მეცნიერული სტატია დაწერა არ შეიძლება, გამოძიების საკითხი იყოს, მით უმეტეს, ქვეყნის იმიჯზე ცუდად მოქმედებდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
"ეს უფრო მთავრობის პრობლემაა. საბოლოო ჯამში, ყველას აქვს უფლება ილაპარაკოს ის, რაც უნდა. ეს შეიძლება, მორალურად არასწორი იყოს და ჩვენ რაღაც არ მოგვეწონოს ან პოლიტიკურად არ დავეთანხმოთ, მაგრამ ის, რომ ადამიანმა რაღაც კვლევა ჩაატარა, მეცნიერულ ჟურნალში გამოაქვეყნა და ამის გამო დაკითხვაზე იბარებ, არაფერში არ წერია. არსებობს სამი ჯგუფი, ვისაც ეს ინფორმაცია ნამდვილად უნდა ჰქონდეს, ეს არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც არაფერი უთქვამს და მესამე არის გახარია, რომელიც იყო შს მინისტრი და პრემიერი.
ჰელსინკის კომისია შინაარსობრივად ჯო უილსონია. მის განცხადებებს, მათ შორის აშშ-ში, დიდად არავინ აქცევს ყურადღებას. ამიტომ, განსაკუთრებულ ღირებულებას ამ განცხადებას არ მივანიჭებდი. მით უმეტეს, რომ ამ განცხადების გარეშეც „ქართული ოცნების“ მიმართ ისედაც ბევრი კითხვაა გაჩენილი, მგონი, ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ „ბიბისის“ საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „ცნობები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, შემაშფოთებელია, მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას, მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და სანქციები დააწესონ“.
შეგახსენებთ, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ , პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: მივიღეთ გადაწყვეტილება, BBC-ის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში
ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამოძიება დაიწყო BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით






