მინდა მოგიყვეთ, როგორ გადაიქცა ჩვენი ხელისუფლება მოძალადე რეჟიმად, პირდაპირ ტერორისტულ ორგანიზაციად, როგორ აფარებს ხელს ძალადობას და მოძალადეებს და როგორ ახალისებს ძალადობას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„მინდა მოგიყვეთ თუ როგორ გადაიქცა ჩვენი ხელისუფლება მოძალადე რეჟიმად, პირდაპირ ტერორისტულ ორგანიზაციად როგორ აფარებს ხელს ძალადობას და მოძალადეებს და როგორ ახალისებს ძალადობას. შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან ჩემ წინააღმდეგ იძალადა რამდენიმე პოლიციელმა. დაახლოებით ხუთი პოლიციელი, უმარტივესია მათი ამოცნობა სახეზე, ჩანს თითოეული მათგანი. ამ საქმის გამოძიება, ამ დამნაშავეების ამოცნობა და დასჯა იყო ძალიან მარტივი. აქ არის ჩემ ზურგს უკან ერთი ბეჩავი ორგანიზაცია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელშიც გამოკითხვაზე მე და ჩემი ადვოკატი ვიმყოფებოდით. იმის შემდეგ თითქმის ოცი დღე და უფრო მეტი გავიდა, არც არავინ დაუკავებიათ, არადა სახეზე ჩანს ეს მოძალადე პოლიციელები, ბრალიც კი არავისთვის წარუდგენიათ. ხელისგულზეა ეს საქმე და კიდევ უფრო მეტი, დაზარალებულადაც არ მცნეს.
სინამდვილეში ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, მაგრამ ასევე ვარ პარლამენტის წევრი, მიცავს კონსტიტუციის მიხედვით იმუნიტეტი. ყურს არ იბერტყავს არც ხელისუფლება და არც ეს უდღეური საგამოძიებო სამსახური. ესეთ ფაქტთან გვაქვს საქმე, ეს არის საქმის ჩაფარცხვაც; მოძალადე ხელისუფლების წახალისება, რომ ამ პოლიციელებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და იძალადონ არა მხოლოდ დეპუტატზე, არამედ აქციის მონაწილეზეც. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთ მოძალადედ გადაიქცა ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.