"პირველად 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ განცხადება მიიღო. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაცია არის კონფლიქტის მხარე, ასევე ეუთო-ს წევრი ქვეყანა და ეუთო-ში ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება კონსენსუსს ვერ ხდება საერთო დოკუმენტის მიღება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თაობაზე მიიღო განცხადება, რომელიც ცალსახად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
განცხადებაში ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
მინისტრი თქმით, განცხადებაში ყურადღება ასევე გამახვილებულია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე, ჟენევის მოლაპარაკებების და ძალის არგამოყენების საკითხზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას პროცესს.
„მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება გახდება ეუთოს მინისტერიალის პაკეტის ნაწილი და ეს იქნება პირველი დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.