"NATO-ს სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ ალიანსში გაწევრიანების მიწვევა, რომ მიგვეღო იდეალური იქნებოდა",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ვერ შეთანხმდნენ უკრაინის გაწევრიანების და მოწვევის ვადებზე, თუმცა უკრაინისთვის გაუქმდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, ე.წ. MAP-ის ეტაპი.
"არავის სურს მსოფლიო ომი და ჩვენ ეს გვესმის, ჩვენ ცივილიზებული ადამიანები ვართ და ვიცით, რომ ნატოში ვერ გავწევრიანდებით სანამ ომი გრძელდება",- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი დიდი შვიდეულის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებასაც გამოეხმაურა - მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება გარდამავალ ეტაპზე, სანამ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება.
მოსალოდნელია, რომ ვილნიუსის სამიტზევე დიდი შვიდეულის წევრები ხელს მოაწერენ მრავალმხრივ და გრძელვადიან დეკლარაციას უკრაინის სამხედრო დახმარების ვალდებულების შესახებ.