უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უნგრეთის ქცევა და რუსეთთან ურთიერთობა არ შეესაბამება NATO-ს წევრის სტატუსს. ამის შესახებ მან ფინელ, შვედ, დანიელ და ნორვეგიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.
"როგორ გადავწყვიტოთ დავა ბუდაპეშტთან? ერთადერთი გამოსავალი ბუდაპეშტის სურვილია. მეჩვენება, რომ უნგრეთის პოლიტიკური ელიტაში დაბნეულობაა. ძალიან უცნაური სიტუაციაა, შეიძლება NATO-ს წევრი სახელმწიფო რუსეთის მხარეს და NATO-ს წინააღმდეგ იყოს?" - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, არ შეიძლება NATO-ს წევრი იყოს ქვეყანა, რომელიც ალიანსს მტერს უწოდებს.
"მე მიმაჩნია, რომ ეს არაადეკვატური საქციელია. მე ჩემს სუბიექტურ აზრს ვამბობ. მოკავშირე არ უნდა იყო მხოლოდ სიტყვით, საჭიროა შინაარსი. ეს არის სახელმწიფოების ალიანსი, რომლებსაც აქვთ იგივე ხედვა უსაფრთხოებასა და ღირებულებებზე. მათ განსხვავებული პოზიცია აქვთ გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ არსებობს მოკავშირეების შეთანხმება, რომ იცავენ ერთმანეთს და საერთო ღირებულებებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
"და თუ ყველა მოკავშირე თვლის, რომ რუსეთი ჩვენი მტერია და მის ადგილზე უნდა დავაყენოთ, მაშინ არ შეიძლება ერთმა სახელმწიფომ თქვას: "რუსეთი ჩვენი მოკავშირეა." შეუძლებელია. მაშინ შენ აღარ ხარ ალიანსის მოკავშირე. თუ დე იურე მოკავშირე ხარ და დე ფაქტო მის წინააღმდეგ მუშაობ, მაშინ არ უნდა ურჩიო უკრაინას უნდა შევიდეს თუ არა. და არ უნდა შექმნა ბარიერები", - აღნიშნა მან.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აღშფოთება გამოთქვა კიევში ვიზიტისას NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებაზე, რომ უკრაინა მომავალში ალიანსის წევრი უნდა გახდეს.