ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია.
"ერთსაათიანი საუბრისას განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შესაძლო ურთიერთქმედების გზებს უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების მიზნით. არავის სურს მშვიდობა უკრაინელ ხალხზე უფრო მეტად. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის, ვიყენებთ თავდაცვის განუყოფელ უფლებას", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და მდგრადი, დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს წესდების პატივისცემაზე. ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის ფარგლებში უნდა აღდგეს", - დასძინა მან.