კიევს სჭირდება "მკაფიო" და "პოზიტიური" გადაწყვეტილებები NATO–სა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, –ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2023 წელი დასავლეთის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების წელიწადი უნდა იყოს.

„ამ ზაფხულს ვილნიუსში NATO–ს სამიტზე ჩვენ გვჭირდება მკაფიო მიწვევა წევრობისთვის და ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შესახებ საჭიროა მკაფიო, პოზიტიური გადაწყვეტილება", – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ "უკრაინისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებები ყველასთვის პოზიტიური იქნება“.

ზელენსკიმ ასევე გაიმეორა მოწოდება დასავლეთისადმი, რომ უკრაინის ომის გაყინულ კონფლიქტად გადაქცევა არ დაუშვას.

„ჩვენს კონტინენტზე გაყინული კონფლიქტისა და ცივი ომის ადგილი არ უნდა იყოს“, - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „როდესაც არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები, არსებობს მხოლოდ ომის გარანტიები“.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ "პატრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და თანამედროვე დასავლური მოიერიშე თვითმფრინავების "დააჩქარებენ მშვიდობას" და რომ "ყოველი ნაბიჯი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების კუთხით ფაქტობრივად, სიცოცხლის ხსნაა".

ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეორე შეხვედრაში 47 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, მათ შორის საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.