უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი "პოლიტიკური იზოლაციიდან" გამოსავალს ეძებს და ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოტყუებას, რათა ახალი სანქციების დაწესება გადადოს. ამის შესახებ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვეს, შეცდომად მიიჩნევდა თუ არა ის რუსეთისა და ამერიკის ლიდერების აგვისტოში ალასკაში გამართულ სამიტს.
"ვფიქრობ, მან პუტინს ბევრი რამ მისცა. და მე მჯერა, რომ სამმხრივი შეხვედრის ჩატარების შემთხვევაში, გარკვეულ შედეგს მივაღწევდით", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დადებითად უპასუხა შეკითხვას, ცდილობს თუ არა პუტინი ტრამპის მოტყუებას.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს ალასკის სამიტით "პოლიტიკური იზოლაციიდან გამოსვლა სურდა" და მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის "მას მეტი უნდა გადაეხადა".
"მას ეს ომი უნდა წაეგოს და გაჩერებულიყო. მაგრამ ამის ნაცვლად, ის იზოლაციიდან გამოვიდა. მან პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ფოტოები გადაიღო. მან საჯარო დიალოგი მიიღო და მე ვფიქრობ, რომ ეს პუტინს სხვა სამიტებისა და ფორმატებისკენ უხსნის კარს, რადგან ეს ასეა და ჩვენ ამას ვხედავთ, ვაკვირდებით და არ მგონია, რომ მან ამაში რამე გადაიხადა.
ის ომს აწარმოებს და ყველა ცდილობს მის შეჩერებას, კამათობს, ეკითხება, მაგრამ ამის ნაცვლად ძალა უნდა იქნეს გამოყენებული. მას ძალის ესმის. ეს მისი ენაა. ეს არის ენა, რომელიც მას ესმის", - განაცხადა ზელენსკიმ.