უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ჰამასის თავდასხმას ისრაელში უკრაინის 2 მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ მან ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.
"სამწუხაროდ, უკრაინის 2 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს. უკრაინის საელჩო ისრაელში ჩვენს დიპლომატებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს. დადგინდა ისრაელის სამხრეთით 5 უკრაინელის ადგილსამყოფელი. კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, გთხოვთ, იყავით ყურადღებით და მიჰყევით ადგილობრივი თავდაცვის ძალების ინსტრუქციებს", - ამბობს ზელენსკი.
ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის" თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.
საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც "ჰამასმა" ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 7 ოქტომბერს ისრაელმა ღაზაზე საპასუხო დარტყმები დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.