უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა, იმოქმედონ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების საკითხთან დაკავშირებით.

მან აღნიშნა, რომ აშკარა საფრთხის მიუხედავად, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და გერმანია კვლავ მხოლოდ აკვირდებიან სიტუაციას.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინამ დაადგინა ყველა ადგილმდებარეობა რუსეთში, სადაც ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები არიან განლაგებული. თუმცა, მისი თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა არ მიაწოდეს შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომელიც საჭიროა დასარტყმელად.

„ახლა, სამწუხაროდ, ისინი თანამედროვე ომის წარმოებას შეისწავლიან. ჩრდილოკორეელი პირველი ათასობით ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან იმყოფება. უკრაინელები იძულებულნი იქნებიან, მათგან თავი დაიცვან და მსოფლიო ამას კვლავ მშვიდად უყურებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„ყველა უბრალოდ ჯერ კიდევ ელოდება, რომ ჩრდილოკორეელი სამხედროები უკრაინელებზე დარტყმას დაიწყებენ. მსოფლიოში ყველას, ვისაც ნამდვილად სურს, რომ ეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის არ გაფართოვდეს და რომ ომი ევროპიდან არ გავრცელდეს მსოფლიოს სხვა რეგიონებში - ყველამ უნდა გააკეთოს მეტი, ვიდრე უბრალოდ დააკვირდერს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.