უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებზე უარით ემუქრება, თუ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი არ ჩაინიშნება. 

უკრაინის პრეზიდენტი ამ განცხადებით Financial Times-ის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 24 თებერვალს ზელენსკიმ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეფერენდუმის გეგმები უნდა გამოაცხადოს.

"ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს მაშინ, როდესაც იქნება უსაფრთხოების ყველა შესაბამისი გარანტია. უკრაინის პარტნიორებმა, შესაძლოა, არჩევნების საკითხი წამოაყენონ, მაგრამ თავად უკრაინას ეს არასდროს გაუკეთებია. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ არჩევნებისთვის. ეს ძალიან მარტივია, შეწყვიტეთ ცეცხლი და არჩევნები ჩატარდება. ასე რომ, ეს უსაფრთხოების საკითხია". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არჩევნების საკითხი აშშ-მ წამოაყენა, თუმცა, ეს უსაფრთხოების გარანტიებთან კავშირში არ არის.

"არა, ისინი არ იმუქრებიან უსაფრთხოების გარანტიებზე უარის თქმით. ისინი არ აკავშირებენ არჩევნებს უსაფრთხოების გარანტიებთან". - თქვა ზელენსკიმ.

ამავდროულად, ზელენსკიმ უარყო კრემლის წინადადება მოსკოვში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის ჩასვლის შესახებ და აღნიშნა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს აშშ-ს წინადადებას შეხვედრების შესახებ ნებისმიერ ტერიტორიაზე, გარდა რუსეთისა და ბელარუსისა.

"მე არ შემიძლია მივიდე მოლაპარაკებებზე პუტინთან მოსკოვში, იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც ამ ომში აგრესორია". - თქვა ზელენსკიმ.