ყაზახეთისთვის მთავარი პრიორიტეტი ნავთობის ექსპორტის მარშრუტების დივერსიფიკაციაა და ქვეყანა გაზრდის ენერგორესურსების ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე რუსეთის გვერდის ავლით. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"ჩვენთვის პრიორიტეტული ამოცანაა გლობალურ ბაზრებზე ყაზახური ნავთობის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაცია",- თქვა ტოკაევმა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე წელს უკვე აზერბაიჯანის გავლით განხორციელდა ნავთობის პირველი პარტიის მიწოდება.

ტოკაევმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის პოტენციალის სრულად გამოყენება, რაც ერთიანი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და დახურული ლოგისტიკური ციკლის ჩამოყალიბებას გულისხმობს.