აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ირანის შეთავაზება ცეცხლის შვიდი დღით შეწყვეტის შესახებ და თავის თანაშემწეებს განუცხადა, რომ ნოემბერში კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ამ ქვეყნის დაბომბვის განახლებას გეგმავს, — იუწყება გამოცემა The Wall Street Journal (WSJ) ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ხელისუფლებამ შუამავლების მეშვეობით შესთავაზა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენა და ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაბრუნება, პორტების ამერიკული ბლოკადის შეწყვეტის სანაცვლოდ, რაც ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს.

WSJ-ის წყაროების ცნობით, პირად საუბრებში ტრამპი სკეპტიკურად აფასებს თეირანის მზადყოფნას, შეასრულოს მისი მოთხოვნა ბირთვულ პროგრამაზე სრულად უარის თქმის შესახებ. რესპონდენტები ამტკიცებენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ახალ სამხედრო ოპერაციას "საკმაოდ სავარაუდოდ" მიიჩნევს.

ამასთან, ჯერ უცნობია, რა მასშტაბის შეიძლება იყოს მომავალი დარტყმები. ტრამპის პოზიცია შესაძლოა, შეიცვალოს მომდევნო კვირებში კონფლიქტის ხანგრძლივობისა და კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით.

მიუხედავად ამისა, მხარეები შუამავლების მეშვეობით აგრძელებენ საკითხთა განხილვას, მათ შორის, ირანის ბირთვული პროგრამის. ამასთან, ვაშინგტონმა თეირანს აცნობა, რომ ტრამპი საზღვაო ბლოკადის გაუქმებას არ აპირებს, — განუცხადეს WSJ-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა.

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელება საბოლოოდ, აიძულებს ირანს, დადოს შეთანხმება იმ პირობებით, რომლებიც მისაღები იქნება ვაშინგტონისა და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოებისთვის.

მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანმა ვაშინგტონს შესთავაზა, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, ერთ კვირაში აღდგეს გემების მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში და განახლდეს მოლაპარაკებები კონფლიქტის გრძელვადიან მოწესრიგებაზე. ეს ინიციატივა ეფუძნება ივნისის ურთიერთგაგების მემორანდუმს.