უკრაინაში ომის გაგრძელების მხარდამჭერი რუსების რაოდენობა სექტემბერში, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ე.წ. "ნაწილობრივი მობილიზაციის" შემდეგ მკვეთრად შემცირდა და ასევე მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ის დასრულდა. ამ ინფორმაციას The Wall Street Journal დახურულ გამოკითხვებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოკითხვის მიხედვით, თუ სექტემბრის ბოლოს უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გაგრძელების მომხრე გამოკითხულთა 34% იყო, ნოემბრის დასაწყისში ეს რიცხვი 80%-მდე გაიზარდა.

კვლევის დამკვეთი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყო, რომელშიც, ამერიკული გამოცემის ცნობით, მობილიზაციის მორიგი ტალღის ჩატარებას მოქალაქეების მასობრივი უკმაყოფილების თვალსაზრისით უსაფრთხოდ მიიჩნევს.

გასული წლის 21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა უკრაინის ტერიტორიაზე ომის გასაგრძელებლად. ოფიციალური მონაცემებით, რეზერვში მყოფი 300 ათასზე მეტი რუსი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში.

ოქტომბრის ბოლოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ პუტინმა მისი დასრულება გამოაცხადა, მაგრამ შესაბამის განკარგულებას ხელი არ მოაწერა. უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, იურიდიულად ნაწილობრივი მობილიზაცია არ შეწყვეტილა.