The Wall Street Journal-მა (WSJ) წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა არაერთი დეტალი Telegram-ის დამფუძნებლის პაველ დუროვისა და საფრანგეთის ხელისუფლების ურთიერთობის შესახებ.

"დუროვმა 2021 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. 2018 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პაველ დუროვს სადილზე შესთავაზა, პარიზში გადაეტანა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მდებარე "ტელეგრამის" სათავო ოფისი, რაზედაც, დუროვმა უარი განუცხადა. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ხელისუფლებამ მას 2021 წელს გამარტივებული პროცედურით მიანიჭა მოქალაქეობა", – იუწყება WSJ.

ამავდროულად, გამოცემა ირწმუნება, რომ დუროვისა და მაკრონის სავარაუდო შეხვედრამდე ერთი წლით ადრე, საფრანგეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების სადაზვერვო სამსახურებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად გატეხეს დუროვის მობილური ტელეფონი. სპეცსამსახურები ვარაუდობდნენ, რომ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო", რომელიც ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული, Telegram-ს იყენებდა მომხრეთა გადაბირებისა და ტერაქტების მოსამზადებლად.

ასევე, დუროვთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ Telegram დიდი ხანია, უგულებელყოფს საფრანგეთის სასამართლოების და სამართალდამცავი ორგანოების მითითებებს უკანონო კონტენტის წაშლის ან დანაშაულების გამოძიებაში დახმარებასთან დაკავშირებით. დუროვის დაკავების შემდეგ, Telegram-ის გუნდმა განაცხადა, რომ პლატფორმა იცავს ევროკავშირის კანონებს, მათ შორის – შინაარსის მოდერაციის სფეროში.

საფრანგეთში დაკავებული დუროვის პატიმრობის ვადა დღეს საღამოს, იწურება. მას ან ოფიციალურად უნდა წარუდგინონ ბრალი, ან გაათავისუფლონ.

დუროვი საფრანგეთში 25 აგვისტოს დააკავეს. პარიზის პროკურატურამ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ ივლისში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პლატფორმა Telegram-ის ფარგლებში დააკავეს. უწყების ცნობით, სულ საუბარია 12 დანაშაულზე, მათ შორისაა სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა, კიბერდანაშაული, ფულის გათეთრება და კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტი წინასწარი დეკლარაციის გარეშე.